ნიკორწმინდა — გუმბათოვანი ტაძარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით ტაძარი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში.
არქიტექტურა
ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული. მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები.
ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება.
1534 წელს შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ამავე პერიოდისაა ტაძრის ფრესკული მოხატულობა. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.
საინტერესო ფაქტები
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.[1]
2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.[2]
ჭელიში – შუა საუკუნეების მონასტერი დასავლეთ საქართველოში, რაჭაში (ახლანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიკორწმინდის დასავლეთით 4-5 კმ-ზე). შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. XVI საუკუნის 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (საყვარელიძემ) იმერეთის მეფის გიორგი II-ის შემწეობით. 1591 წლიდან ჭელიში ნიკორწმინდის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო 1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა „მოქცევაი ქართლისაი“ს მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.
By: Qetino tomadze
No comments:
Post a Comment